logo
ENG



ოჯახმა, რომელიც ხელვაჩაურში სტიქიას ემსხვერპლა, მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა

03 ოქტ 202019:28
3 წუთის საკითხავი
 

2-დღიანი სამძებრო-სამუშაოების შემდეგ, ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის მოზარდი მაშველებმა დღეს, 3 ოქტომბერს იპოვეს. ოჯახის სამი წევრი მეწყერმა მიწის ქვეშ 1-ლ ოქტომბერს, ღამით მოიყოლა. დაუღუპა 2 მგზავრი, რომლებიც იქვე მდგარ მანქანაში ისხდნენ. 

როგორც ირკვევა, ისინი სტიქიის ზონაში ცხოვრობდნენ. სახლი 5 წლის წინ ღვარცოფმა დააზიანა. ისინი ზონიდან გაყვანას ან სახლის გამაგრებას ითხოვდნენ. 

ირკვევა, რომ თედორაძეების ოჯახმა ხელვაჩაურის მერიას დახმარებისთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართა, თუმცა ოჯახის თქმით, გამგეობამ მათ დასახმარებლად არაფერი გააკეთა.

"დავწერეთ საჩივარი, მანდარინები მოჭერით და მიწას არ შეეხოთ, რომ კედელი კიდევ არ წამოვიდესო. როგორც მამაჩემი საფლავიდან ადგა და მოვიდა, ისე მოგვხედა გამგეობამ", - აცხადებს ოჯახის ნათესავი.

დახმარებას ითხოვენ სოფლის სხვა მცხოვრებლებიც. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ყოველდღიურად შიშში უწევთ ცხოვრება და გაუსაძლის პირობებში არიან. მათი სახლები დაბზარულია, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, არ არსებობს სანიაღვრე არხები და წვიმის ყოველი მოსვლა მათ ოჯახებს საფრთხეს უქმნის. მათი ნაწილი სახლების გამაგრებას ითხოვს, ნაწილი - გადაყვანას. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დღეს, აჭარის მთავრობის ხელმღვანელი, თორნიკე რიჟვაძე ჩავიდა. მისი განმარტებით, დახმარების თხოვნით გფამგეობაში შესულ დოკუმენტებთან დაკავშირებით პასუხი შესაბამისმა ორგანომ უნდა გასცეს.

"ყველა დოკუმენტთან დაკავშირებით, ყველა კომპეტენტური ორგანო ვალდებულია გიპასუხოთ, თუ ეს ასე არ იქნება გაკეთებული, რეაგირება იქნება უმკაცრესი",-თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

ხელვაჩაურში სტიქია, 1-ლ ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა, შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. ადიდებულმა მდინარე მეჯინმა მსუბუქი ავტომობილიც წაიღო. მანქანა ოპოვეს, მძღოლს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.


close დახურვა